თავი შეიკავეთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ეს შეურაცხყოფს სამსახურის პატივს - სუსი

14.09.21 17:03
თავი შეიკავეთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ეს შეურაცხყოფს სამსახურის პატივს - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას", - ნათქვამია განცხადებაში.