ფარული თვალთვალის გასაჯაროვების მთავარი მიზანია, მოხერხებულად აწყობილი ფაბრიკაცია შემოგვაპარონ - ზურა გურული

14.09.21 19:43
ფარული თვალთვალის გასაჯაროვების მთავარი მიზანია, მოხერხებულად აწყობილი ფაბრიკაცია შემოგვაპარონ - ზურა გურული

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი და მწერალი ზურაბ გურული ინტერნეტში სუსი-ს საიდუმლო ფაილების გავრცელების თემას ეხმიანება. გურული აღნიშნავს, რომ  ფარული თვალთვალის შედეგების გამოქვეყნების მიზანია, საზოგადოებას მოხერხებულად აწყობილი ფაბრიკაციები შეაპარონ. ქართველი პროფესორი სინანულს გამოთქვამს, რომ ქვეყანა დაუცველია და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს ნებისმიერ საიდუმლოებაზე აქ ხელი მიუწვდებათ.

უბრალოდ, რომ გაიაზრო რა კრიტერიუმებით იმართება დღეს საქართველო და ვინ მართავს, ნორმალურ ადამიანს ღამე არ უნდა დაეძინოს დარდით. 
თვალთვალისა და მოსმენის დეტალური ანალიზების მასიური გამოფენის მთავარი მიზანი ის არის, რომ მათ შორის შეაპარონ მოხერხებულად აწყობილი ფაბრიკაციები, რადგან ზღვა ინფორმაციაში ტყუილსა და მართალს ვერც ვერავინ გაარჩევს. ასე რომ, ტყუილად იმშვიდებენ თავს ისინიც, ვისაც ჰგონა, რომ არაფერი აქვს მაკომპრომეტირებელი. მათი დროც მოვა.

პრაქტიკულად ქვეყანა აბსოლუტურად დაუცველია და არ არსებობს არც ერთი სტრატეგიული საიდუმლო, რაზეც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ხელი არ მიუწვდება. 
სპეცსამსახურებზე დგას ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და როცა ამ სამსახურებს ხრწნი, ან გახრწნის საშუალებას აძლევ, იქ სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს; იქ მხოლოდ კრიმინალური ბანდაა, განუსაზღვრელი უფლებებითა და პრიმიტიული ინსტიქტებით. და რაც მთავარია, ეს კრიმინალები იმავდროულად პათოლოგიური მანიაკები არიან, ადამიანთმოძულე ავადმყოფები. 
დაფიქრდით...- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.