გამოძიებაში ჩაერთოს სახალხო დამცველი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია - გახარიას პარტიის ბრიფინგი

15.09.21 14:34
გამოძიებაში ჩაერთოს სახალხო დამცველი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია - გახარიას პარტიის ბრიფინგი

 პარტია ,,საქართველოსთვის" წევრებმა მედიაში გავრცელებული საიდუმლო ფაილების თემას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

პარტია ,,საქართველო" ითხოვს, გამოძიების საქმეში დაუყონებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები და პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

გვინდა, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებული საიდუმლო ჩანაწერების თემას. ცალსახაა, ამ ფაქტს სჭირდება არა ბრიფინგებზე ვარაუდების გამოთქმა, რაც თვალსაჩინოს ხდის ხელისუფლების მიზნებს, არამედ დაუყონებლივი, ობიექტური გამოძიება. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ სისტემას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა სააკაშვილის დროს და როგორც ჩანს, ამ დრომდე უმძიმეს პრობლემად რჩება. 

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ ხელიუფლებაში ყოფნის დროს როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობაზე და ,,ოცნებისგან" განსხვავებით იმაზეც, რომ მანდატის ფარგლებში ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ერთხელ და სამუდამოდ მოღებოდა ბოლო. 

რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. 

ამასთან აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ ,,ოცნების" ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს. 

დღეს გვერდზე უნდა გადავდოთ პარტიული ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. 

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არა მარტო წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებაზე, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს და მოქალაქეებს, ასევე მიმართულია ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაც. 

ამიტომ მივმართავ თხოვნით ქართულ მედიასაშუალებებს, არ მოახდინოს ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას. 

არსებობს უკიდურესი აუცლებლობა, ამ  უმძიმეს ფაქტს ნაცვლად უპასუხისმგებლო ტყუილებისა, უმოკლეს დროში პასუხი გაეცეს ობიექტური გამოძიებით. 

,,ოცნების" ხელმძღვანელთა განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას, ნათლად წარმოაჩენს იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობთ.

აშკარაა, ,,ოცნება" ისევ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და მისი მიზანი არ არის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. 

შესაბამისად, პროკურატურის გამოძიებაში დაუყონებლივ უნდა ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. 

მეორეს მხრივ, მოვითხოვთ საპარლამენტო მანდატის ფარგლებში საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მანკიერი პრაქტიკა და საქართველო უნდა გახდეს ძლიერი სახელმწიფო - განაცხადა პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.