2015 წლიდან დღემდე, სუს-ზე ბიუჯეტიდან 800 393 700 ლარი დაიხარჯა - ფლანგვის დეტექტორი

15.09.21 16:42
2015 წლიდან დღემდე, სუს-ზე ბიუჯეტიდან 800 393 700 ლარი დაიხარჯა - ფლანგვის დეტექტორი

სუსი-ს მხრიდან მოქალაქეების შესაძლო ტოტალური უკანონო მოსმენა-მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, 2015 წლიდან დღემდე, უწყებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 393 700 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სუსი-ს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება იმის მიუხედავად, რომ უწყებაში სტაბილურად 3 850 თანამშრომელია დასაქმებული. 

"2015-2021 წლებში სუს-ში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 558,998,100 ლარი დაიხარჯა. ამ წლების განმავლობაში ორგანოს დაფინანსების 70% შრომის ანაზღაურებაში იხარჯებოდა", - წერია ინფორმაციაში.

"ფლანგვის დეტექტორი" წერს, რომ 2015-დან 2019 წლამდე, სუს-ის უფროსის თანამდებობას ამჟამინდელი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება სუს-ის მოქმედ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, ის უწყებას 2019 წლიდან ჩაუდგა სათავეში. ლილუაშვილი გომელაურის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდანაა. ის საჯარო თანამდებობებზე დანიშვნამდე ივანიშვილის კომპანიებში იყო დასაქმებული. სუს-ში მუშაობის განმავლობაში (2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით) გრიგოლ ლილუაშვილს შრომის ანაზღაურების სახით 306,306 ლარი აქვს მიღებული.