მოვუწოდებთ ენმ-ს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს დასამძიმებლად - "ოცნება"

15.09.21 17:15
მოვუწოდებთ ენმ-ს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს დასამძიმებლად - "ოცნება"

"ქართული ოცნება" მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას", თავი შეიკავოს პროვოკაციების მოწყობისგან. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ფარული ჩანაწერები ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც პროცესების პოლარიზებას ისახავს მიზნად. 

საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი, არ დაფიქსირებულა რამე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და არც ერთი მსუბუქი ძალადობრივი  ინციდენტიც კი, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიას და მის კუთვნილ  ტელევიზიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებით და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით, სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო ტელევიზიების მიერ იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა, მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანს ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის, სახელმწიფოსა  და ეკლესიის შერყევაა.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდებათ, როცა ვციტირებ: ამის მეათედ ფასად შეიძლება, ვინმე კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება.

მოვუწოდებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში, ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად, ასევე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე" , - ამბობს კობახიძე.