არავის ეშინია მუქარის და ფეხების ბაკუნის - ექსპრემიერი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს
არავის ეშინია ამ მუქარის, რაც უნდათ, ის დაგვაბრალონ, - ასე ეხმიანება ექსპრემიერი მოქმედი პრემიერის ბრალდებებს. საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, სადაც ის გიორგი გახარიას თანაგუნდელს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, სუსი-დან ფარული ჩანაწერების გამოტანაში ადანაშაულებს. გიორგი გახარია გამოძიების დაწყებას ითხოვს და ამბობს, რომ "ოცნება" საკუთარ პასუხისმგებლობას სხვებზე თავდასხმებით და ჭორაობით გაურბის.
სამწუხაროდ, "ოცნებას" ამ ბოლო პერიოდში ახასიათებს, ყველას ყველაფერი დააბრალოს, თავის პასუხისმგებლობას ოღონდ გაექცეს. რაც უნდათ, ის დაგვაბრალონ. წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია აი, ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის. ერთი რამ მინდა გითხრათ, იმ ადამიანების გვარებს, რომლებსაც ასე უდიერად იხსენიებენ, ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, კახა ქემოკლიძის, კახა საბანაძის, ეს ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ემსახურებიან ამ ქვეყანას წლების განმავლობაში. ბევრ მათგანს, ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს, იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ, რაც გაუკეთებია ამ ხალხს. საქმეზე ლაპარაკი ხომ არ უნდათ და არ შეუძლიათ, ერთადერთი რაც შეუძლიათ, არის ჭორაობა და მუქარა. რაც შეეხება რეპრესიებს, მე არ ვიცი, რას აპირებენ, წარმოდგენა არ მაქვს, - ამბობს გახარია.