პარტიული სიიდან სასამართლოში - ვინ არის მოსამართლე, ვინც ნაწამები საბა სხვიტარიძე და ექიმი გიორგი ახობაძე ციხეში გამოკეტა

15.02.25 21:32
პარტიული სიიდან სასამართლოში - ვინ არის მოსამართლე, ვინც ნაწამები საბა სხვიტარიძე და ექიმი გიორგი ახობაძე ციხეში გამოკეტა

"ქართული ოცნების" პარტიული სიიდან სასამართლოში - "შაბათის ეთერის" ობიექტივში ლელა მარიდაშვილია აღმოჩნდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებამდე მარიდაშვილი საგარეჯოს საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ეს ის ქალია, ვინც ციხეში გაუშვა პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ სასტიკად ნაცემი და ნაწამები საბა სხვიტარიძე და გიორგი ახობაძე.

მარიდაშვილს მოსამართლეობის სულ ხუთ თვიანი სტაჟი აქვს. ის სასამართლოში 2024 წლის 1 ოქტომბერს დასაქმდა - სამ წლიანი გამოსაცდელი  ვადით.

ლელა მარიდაშვილი პროცესებზე არც გიორგი ახობაძეს და არც საბა სხვიტარიძეს პრაქტიკულად არ უსმენდა, თითქოს არ აინტერესებდა პოლიციის შენობაში მოწყობილი წამების  ფაქტები. 

მარიდაშვილი "შაბათის ეთერის" კითხვებმა იმდენად გააღიზიანა, რომ ყვირილზეც კი გადავიდა. არადა ჟურნალისტს აინტერესებდა, "პოლიტიკიდან მურუსიძის სასამართლოში გზა ვინ გაუკვალა". 

მოსამართლემ ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა, რისი უფლებაც "შაბათის ეთერს" მისცა, ეს მისი ვიზუალის  გადაღებაა. 

კითხვებს გაურბიან საგარეჯოს საკრებულოშიც, სადაც "შაბათის ეთერის" გამოჩენას სრული განგაში მოჰყვა. წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ ლელა მარიდაშვილს ე.წ კახური კლანი ლობირებს. კომფიდენტის ცნობით, ამ კლანის დახმარებით აღმოჩნდა ის ჯერ სიაში  რომ საკრებულოში მოხვედრილიყო და შემდეგ მაღალი თანამდებობა დაეკავებინა. 

სინდისის პატიმრების მოსამართლე დიდი ალბათობით, მალე სანქცირებულთა სიაშიც იქნება. ის ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის შავ სიაში უკვე მოხვდა.