ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო
"პირველების" ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
5 და 7 წლის ბავშვებს ბოლო 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული არსებული ინფორმაციით, თხრილში წყალი იდგა, მოზარდებმა იქიდან ამოსვლა ვერ შეძლეს და ორივე მათგანი დაიხრჩო.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
2 მოზარდის გარდაცვალება დაადასტურა ბათუმის მერიამაც.
უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში"- წერია განცხადებაში.
ადგილობრივების თქმით, ე.წ. ბარაკების მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ადგილზე ერთი კვირის წინ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა და „ოცნების ქალაქის“ პროექტის დაწყება დააანონსა.
მან მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
8 თებერვალს გამართულ ღონისძიებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იღებდა მონაწილეობას.
- რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიქირავა კომპანია „არტ ბიურო“, რომელმაც მოაწყო სცენა და სივრცე მიწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა - აქედან მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში სიმბოლურად ჩადებული კაფსულის ფასი 1770 ლარია.
- „ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2020 წლის თებერვალში დაიწყო. საცხოვრებელი ფართები 582 ოჯახისთვის იყო გათვალისწინებული.
- გამოცემის ცნობით, მეორე ეტაპზე 9 მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. პროექტი, რომელიც 36 თვეში უნდა დასრულდეს, 1077 ბინაზეა გათვლილი.
ადგილობრივები "ტვ პირველთან" აღნიშნავენ, რომ ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის დამონტაჟებული.
- შეგახსენებთ, თბილისში, დედაქალაქის ცენტრში, „რიყის დოქებთან“ მეათეკლასელი იოსებ ადეიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველმა" 29 იანვარს გაავრცელა. ამ დრომდე არავის უთქვამს, ვინ არის მოზარდის დაღუპვაზე პასუხისმგებელი.