გათვლა იყო გაკეთებული, რომ ერთგვარი შფოთვა შემოეტანათ საზოგადოებაში - პრემიერი ჩანაწერებზე
პრემიერ-მინისტრი სუს-იდან გამოჟონილს საიდუმლო მასალებს კვლავ ოპოზიციის პროვოკაციად აფასებს. მისი განცხადებით, ერთმანეთში ტყუილ-მართალია აღრეული, რასა ექსპერტიზის მხრიდან შესწავლას საჭიროებს.
ეს უნდა დადგინდეს, დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ამის მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას. საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენს ლეგიტიმურ მოსმენებს და ეს არის ყველასთვის ცხადი და არაფერი დაფარული არ არის. ტყუილ-მართალია აღრეული ერთმანეთში, ამას სჭირდება შესწავლა, დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა და ამას დრო სჭირდება და ვინაიდან იციან, რომ ამას არჩევნებამდე ვერ მოასწრებს ვერც ერთი ექსპერტიზა მსოფლიოში, ამაზე იყო გათვლა გაკეთებული, რომ რაღაც ერთგვარი შფოთვა შემოეტანათ საზოგადოებაში, - განაცხადა ღარიბაშვილმა.