ვგმობთ პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად გამოძიებას - საია

16.09.21 16:54
ვგმობთ  პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად გამოძიებას - საია

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურას დროულ და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ,,საია" განცხადებას ავრცელებს და 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება.

 ,,საია" გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება.

მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ჩანაწერები ძირითადად შეიცავს სასულიერო პირების კერძო კომუნიკაციის უკანონოდ ჩაწერის და შენახვის შესახებ მონაცემებს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცია, თუმცა 13 სექტემბერს გავრცელებული მონაცემების მასშტაბურობა მიანიშნებს სუს-ის მხრიდან მოქალაქეების ტოტალურ კონტროლზე. გავრცელებული ინფორმაციით სასულიერო პირებთან ერთად უსმენენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აგრეთვე ადვოკატსა და კლიენტს შორის დაცულ კონფიდენციალურ საუბრებს.

ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცესა და კერძო კომუნიკაციას იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო აქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი განსაკუთრებულ კონტროლს აწესებს პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მრევლს მოძღვართან ტელეფონის მეშვეობით აქვს ისეთ საკითხებზე საუბარი,  რაც აღსარების საიდუმლოს მიეკუთვნება. სასულიერო პირების უკონტროლო და უკანონო მიყურადება კი საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს აგრეთვე აღსარების საიდუმლოს, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი იცავს კანონმდებლობა. სავარაუდო ფარული მიყურადება/თვალთვალი ასევე არღვევს კიდევ ერთ ფუნდამენტურ სისხლისსამართლებრივ პრინციპს - ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურ ურთიერთობას, რომლის დაცვის გარეშე შეუძლებელია კლიენტის ნდობის მოპოვება და მისი საპროცესო უფლებების ჯეროვნად შესრულება. 

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საია წლების განმავლობაში მიუთითებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუსაზღვრელ და უკონტროლო უფლებამოსილებაზე. არსებული კანონმდებლობა ვერ იცავს პირის პირად ცხოვრებას უკანონო ჩარევისგან. ფარული მიყურადება და თვალთვალი გავლენას ახდენს პირთა თავისუფლებაზე. წლებია საკონსტიტუციო სასამართლოგანიხილავს 2017 წლის 1 ივნისის №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს, მნიშვნელოვანია მის მიერ საკითხის გადაწყვეტა იყოს დროული და ეფექტიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად უნდა შეაფასოს გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა, თავის მხრივ, ხელი შეუწყოს  ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასა და კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, ,,საია" მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით აწარმოოს დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებს, რომ განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და დროულად შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მათი გავლენის ფაქტებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დროულად უზრუნველჰყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა.