ყველას ვუხდი ბოდიშს - მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

17.09.21 13:01
ყველას ვუხდი ბოდიშს - მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

,,ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა, საპატიმრო დატოვა. 

"ყველას ვუხდი ბოდიშს"- თქვა რჩეულიშვილმა. 

პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე, უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა, - უთხრა მედიას რჩეულიშვილმა. 

მისი თქმით, ციხიდან ჩვეულებრივ მუშაობდა და ინვესტორებს უკვე გადაეცათ შპს-ები. რჩეულიშვილი დარწმუნებულია, რომ მერიის ზედამხედველობის ფარგლებში მშენებლობა დასრულდება.

5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენ სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები. მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის დასრულების გარანტორი. ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე,- თქვა რჩეულიშვილმა. 

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს, მაია რჩეულიშვილის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა „მიონის“ ობიექტზე.

„მიონის“ ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გრაფიკიც აქვთ მშენებლობის და აქედან გამომდინარე, ისინი ადევნებენ თვალყურს პროექტის დასრულებას, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი.