"ევროკავშირი ვერ მიიღებს ძალადობას, დაუსჯელობას და დაშინებას"- ივანიშვილის რეჟიმს მორიგი სანქციები დაუანონსეს
ევროკავშირს უკვე დადგენილი ჰყავს ივანიშვილის რეჟიმის ის წარმომადგენლები, ვინც თბილისში აქციების დარბევის დროს ხალხის წამებას, უკანონოდ დაკავებას და მათ ცემას ხელმძღვანელობდა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი “პირველებს“ უდასტურებს, რომ ახლა 27 სახელმწიფო რეჟიმის ამ წარმომადგენლებითვის საერთო სანქციების დაწესებაზე მსჯელობს.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, “ევროკავშირი ვერ მიიღებს ძალადობას, დაუსჯელობას და დაშინებას, რომელიც, თითქმის, სამი თვეა გრძელდება.“
ევროკავშირი ვერ მიიღებს ძალადობას, დაუსჯელობას და დაშინებას, რომელიც, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევასა, დაშინებაზე და ძალადობაზეა პასუხისმგებელი. რაც შეეხება ევროკაშირის ნებისმიერი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობას მოითხოვს , რომელიც ჯერ არ არსებობს. სამწუხაროდ, არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთიან პოზიციაზე არ არიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა მცდელობას აგრძელებს. იმ დროს, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, ვიცი, რომ იქნება მცდელობა აღდგეს ერთიანობა სანქციებთან დაკავშირებით, იმ პირების წინააღმდეგ ვინც, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაშია მხილებული. ჩვენ მოვახდინეთ რამდენიმე ინდივიდის იდენტიფიცირება, რომლებმაც იძალადეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ ამ სახელებზე“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
“ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს არ გამორიცხავს არც ბრიტანეთის ელჩი. გარეტ უორდი ამბობს, რომ რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ, ადამიანის უფლებების დარღვევის შემაშფოთებელი ცნობების გამო, სანქციები უკვე გამოიყენეს.
სანქციები ჩვენი საგარეო პოლიტიკის იარაღია. როგორც იცით, ჩვენ უკვე გამოვიყენეთ სანქციები რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ, ადამიანის უფლებების დარღვევის შემაშფოთებელი ცნობების გამო. მაგრამ, სამომავლოდ დასაწესებელ სანქციებზე წინასწარ ვერ ვისპეკულირებ“, - ამბობს უორდი.