საიდუმლო შეხვედრა საპატრიარქოში - ფაილების თანახმად, ივანიშვილმა პატრიარქს გადადგომა მოსთხოვა

17.09.21 17:16
საიდუმლო შეხვედრა საპატრიარქოში - ფაილების თანახმად, ივანიშვილმა პატრიარქს გადადგომა მოსთხოვა

მორიგი სკანდალური ჩანაწერი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში - ე.წ. დანოსში, ოპერატიული თანამშრომელი ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ წერს. 

მიმდინარე წლის თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში აღწერილია უფლებადამცველი ნანა კაკაბაძისა და ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის სატელეფონო საუბარი, სადაც ნანა კაკაბაძე სწორედ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბრობს, სადაც ფაილების თანახმად, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეს გადადგომა თხოვა. 

დოკუმენტების თანახმად, ოლიგარქის მოთხოვნის შემდეგ, პატრიარქმა საუბრის ჩაწერა მოითხოვა, თუმცა ივანიშვილი ამას არ დათანხმდა და საპატრიარქო დატოვა. 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან საუბრისას უარყოფითად აფასებს ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუს, სადაც სუსი-ს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, ღიად ისაუბრა ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე. ინტერვიუდან გამომდინარე, კაკაბაძე მიიჩნევს, რომ გოგაშვილი მოქმედებს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რომელსაც სურს სრული გავლენის მოპოვება საპატრიარქოში. აღნიშნული მოსაზრების არგუმენტად უფლებადამცველი იხსენებს ფაქტს, როცა წარსულში პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, შეხვდა პატრიარქს, ილია მეორეს და სთხოვა, გადამდგარიყო, რათა შესუსტებული ყოფილიყო შორენა თეთრუაშვილის გავლენა და ეს უკანასკნელი ჩამოშორებოდა საპატრიარქოს არაფორმალურ მმართველობას.

კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ თეთრუაშვილის კარნახით შესთავაზა პატრიარქმა  ივანიშვილს ხსენებული საუბრის აუდიოფიქსაცია, რათა ისტორიას დარჩენოდა მათი დიალოგი, თუმცა ივანიშვილმა უარი განაცხადა და დატოვა შეხვედრა.

მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილს ცუდი დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ და უფლებადამცველთან საუბარში ის ხშირად მოიხსენიებს ივანიშვილს უარყოფითი სიტყვებით. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კაკაბაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ მოიშორა ივანიშვილმა თეთრუაშვილთან ალიანსში მყოფი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა ტვ პირველის მეშვეობით ცდილობს, მმართველ გუნდს დაანახოს, რომ თუ მას შეეხებიან, ალაპარაკდება და სააშკარაოზე გამოიტანს უამრავ რამეს.- წერია სუსი-ს მოხსენებაში.

ტვ პირველი უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა, თუმცა ის აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს და ჩანაწერს ფალსიფიკაციას უწოდებს.  

მსგავსი სიახლეები