კორუფციული სკანდალი - როგორ იღებს ქრთამად ბინებს ირაკლი ღარიბაშვილი (დამალული დოკუმენტები)

18.09.21 21:20
კორუფციული სკანდალი - როგორ იღებს ქრთამად ბინებს ირაკლი ღარიბაშვილი (დამალული დოკუმენტები)

ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთ კორუფციულ სკანდალში ეხვევა - "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ახალ აშენებულ ბინებში ძვირადღირებულ ფართებს იღებს. 

ჟურნალისტური გამოძიებით იშიფრება ქრთამის აღების სავარაუდო სქემა, რომლის თანახმადაც ღარიბაშვილი ქრთამის სახით მიღებულ უძრავ ქონებას პენსიონერ ნათესავებზე და ახლო გარემოცვაზე აფორმებს. 

"შაბათის ეთერის" ხელშია საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრების მიერ ბინების ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტები, სადაც თანხის გადარიცხვა არ ჩანს. 

"ტვ პირველი" შეეცადა მთავრობის მეთაურთან კომუნიკაციის  დამყარებას, გვაინტერესებდა, აჩუქა თუ არა უძრავი ქონება ბიზნესმენმა ვასილ ბოლაშვილმა, თუმცა ღარიბაშვილი წყობიდან გამოვიდა და ჩვენი ჟურნალისტის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაყვანის დირექტივა გასცა. 

ბოლშევიზმი, ფაშიზმია, რასაც თქვენ აკეთებთ, საცოდავები ხართ" - გვითხრა პრემიერმა, რომელიც წლების წინ, სწორედ კორუფციული სკანდალების გამო გაუშვეს თანამდებობიდან. 

"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, საბურთალოს შუაგულში, ჟვანიას მოედანზე ბიზნესმენმა ვასილ ბოლაშვილმა მისი სამშენებლო ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ ორი ოთხოთახიანი ბინა  პრემიერ ღარიბაშვილს აჩუქა. სანაცვლოდ კი მთავრობის მეთაურისგან ბიზნესში ხელშეწყობის პირობა მიიღო. 

მაკა ჩიხლაძემ რეპორტაჟის მომზადებისას, ირაკლი ღარიბაშვილის და, თეა ღარიბაშვილი, ჩაწერა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ პრემიერის და ქალაქის ცენტრში, ჟვანიას მოედანზე, ონიაშვილის 1 ნომერში ცხოვრობს და 132 კვადრატულ მეტრ ბინას ფლობს,  ამ აპარტამენტების საბაზრო ფასი ახლა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, ამ ბინის შესაძენად თეა ღარიბაშვილს არც სესხი დასჭირდა და არც განვადება.

"შაბათის ეთერის" ინფრომაციით ღარიბაშვილმა ამ კორპუსის მშენებლისგან საჩუქრად ორი ბინა მიიღო, ერთი დას და მეორე ცოლის დას მისცა. თეა ღარიბაშვილთან ერთად ამავე კორპუსში იგივე ფართის ბინას ფლობს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის დაც.