ვგმობთ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებას, პროცესთან კავშირი არ გვაქვს - NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებას გმობს.
როგორც NCDC-ს განცხადებაშია ნათქვამი, ახალ ბანერებთან არავითარი კავშირი არ აქვთ.
"ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.
თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.
სიძულვილის ენის შემცველი ბანერები თბილისის ქუჩებში გუშინ გამოჩნდა. ბანერებზე პოლიტიკოსებთან ერთად კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ბანერზე გამოსახეს მმართველი პარტიიდან და პრემიერის პოსტიდან დემარშით წასული გიორგი გახარიაც.