არჩევნებამდე 2 კვირით ადრე საიას სარჩელი ენმ-ს ინტერესებშია - კობახიძე

19.09.21 15:08
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე საიას სარჩელი ენმ-ს ინტერესებშია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებშია. ამის შესახებ კობახიძემ "ქართული ოცნების' ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საქმე ეხება  საია-ს მიერ შეტანილ სარჩელს, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. 

შემაშფოთებელია, რომ ის რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე არჩევნებისთვის ხელის შეშლას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს  ატარებს.

"ნაციონალურ მოძრაობას' 2 ოქტომრბის არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის იმედი გადაწურული აქვს, ამ ფონზე ერთადერთ გამოსავალს ხელოვნური პრობლემების შექმნასა და ვითარების არევაში ხედავენ, -  თქვა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინ მიმართა. სარჩელით საია ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების  საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.
 წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით.