ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ჩანს უწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახე - დეა მეტრეველი
უწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახე - ასე აფასებს „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მედეა მეტრეველი, დედაქალაქში ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო, სარეკლამო, ბანერების განთავსებას.
მეტრეველის განცხადებით, ხელისუფლებაში დარჩენის ისტერიული ჟინით შეპყრობილმა ,,ოცნების" ხელისუფლებამ არა მხოლოდ გადაალურჯა თბილისის ყველა ქუჩა პარტიული სარეკლამო ბილბორდებით, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც შელახა.
ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე, პროექტის - თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი - შესახებ არსებული ერთადერთი საინფორმაციო ბანერი, სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ჩამოხსნეს და მის ნაცვლად, კახი კალაძის ფოტო გამოფინეს.
მაშინ როდესაც იუნესკო 2021 წლის განმავლობაში აღნიშნავს თბილისის წიგნის მსოფლიოს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სტატუსს, თბილისის მერიამ აგვისტოდან, როგორც ჩანს, უკვე დაასრულა ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის აღნიშვნა და ქალაქში, საკუთარი საარჩევნო კამპანიის გამო, თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საინფორმაციო ბილბორდები ჩამოხსნა.მოქმედ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს არც კი უფიქრიათ იმაზე, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში უცხოელი ვიზიტორებისთვის ამ ინფორმაციის გაზიარება ქალაქის და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი იქნებოდა.
ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ჩანს უწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახე და დამოკიდებულება ქალაქის, ჩვენი კულტურის და ღირებულებების მიმართ. -აცხადებს მედეა მეტრეველი.
„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი ქალაქის მერს ახსენებს, რომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პრესტიჟული საერთაშორისო სტატუსის მოპოვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული საგამომცემლო და სალიტერატურო სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც წლებია, ქართული ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციისთვის არ იშურებდნენ ძალისხმევას და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო კულტურული პოზიციონირებისთვის აქტიურად მუშაობდნენ.
როგორც ცნობილია „ქართულმა ოცნებამ“ ორი დღის წინ ჩამოხსნა ერთადერთი ბანერი, სადაც იყო წარწერა, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი.