აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში - "ლელო" რიგგარეშე სესიას მოითხოვს
ფრაქცია "ლელო" პარლამენტში რიგგარეშე სესიის ჩატარებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, დაბარებას მოითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.
არჩევნებამდე პარლამენტში შეკრებას არ ემხრობა "ნაციონალური მოძრაობა". ნიკა მელიამ რიგგარეშე სესია ივანიშვილის თავყრილობად შეაფასა და თქვა რომ "ლელოს" ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ,,ენმ"-ს პოზიცია გაუგებარია "ლელოს" წევრებისთვის.
იმისთვის, რომ ჩვენ სხდომის მოწვევას მივაღწიოთ კონკრეტული დღის წესრიგით, რაც გულისხმობს სუს-ის უფროსის დაბარებას, ამისთვის ოპოზიციას აქვს საკმარისი ხმები. სწორედ ამიტომ დაიწყო "ლელომ" ეს ინიციატივა, იმედი გვაქვს, შესაბამისი პროცედურა განხორციელდება. "ქართულმა ოცნებამ" ეხლა კი არ აღმოაჩინა, რომ თურმე სუსი უკანონო ტოტალური მოსმენებით არის დაკავებული, "ქართულმა ოცნებამ" მისცა სუს-ს ეს უფლებამოსილება და გაახანგრძლივა წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ტოტალური უკანონო მოსმენების პრაქტიკა", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებელი" რიგგარეშე სესიის ჩატარებას ემხრობა და მოითხოვს, სუს-ის უფროსმა ყველა კითხვას უპასუხოს, რომელიც უკანონო მოსმენების საკითხმა გამოიწვია.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის განცხადება, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავყრილობა, მაშინ როცა ,,ენმ" პარლამენტშია და მათ ხელი მოაწერეს მიშელის შეთანხმებას, ეს არის ნამდვილად გაუგებარი ჩემთვის და ის, რომ ჩვენ ხმათა რაოდენობა გვყოფნის, რომ დავიბაროთ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც უნდა მოვთხოვოთ პასუხი", - თქვა თეონა აქუბარდიამ.