იმედი მაქვს, დაინგრევა მკვლელი სისტემა და ისტორიაში შევა 2 ოქტომბრის არჩევნები - თეონა თამაზაშვილი

21.09.21 15:15
იმედი მაქვს, დაინგრევა მკვლელი სისტემა და ისტორიაში შევა 2 ოქტომბრის არჩევნები  - თეონა თამაზაშვილი

,,ამ ჩანაწერების გასაჯაროვება ,,ოცნებაში" არსებული შიდა დაპირისპირების შედეგია" - მიიჩნევს ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიამ ბაჩალიაშვილის დედა. თეონა თამაზაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილის საქმეს ნათელი მხოლოდ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოეფინება, როცა, მისი თქმით, ახალგაზრდების მკვლელი სისტემა დაინგრევა.

ჩემთვის 2 ოქტომბერს ბევრი რამ შეიცვლება, ამ სახელმწიფოს არ მიაჩნია კანონდარღვევად არც უკანონო მოსმენა, არც უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა. მარტო ჩემი შვილის კი არა, ამ სისტემამ ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. 

2 ოქტომბერს პირველ რიგში ჩემთვის იქნება ცვლილებები, რადგან ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს ფარდა აეხდება. დაადგება საშველი ჩემი შვილის სახელის შებღალვას. ჩამოირეცხება ის ტალახი, რაც ჩემი ოჯახის მისაამართით იქნა ნასროლი. ასევე იმედი მაქვს, ცვლილებების შემდეგ აღარ მოხდება ისეთი მკვლელობები, როცა მოკლავენ ახალგაზრდას და მერე დააბრალებენ თვითმკვლელობას. ვისაც არ გამოუცდია თავის თავზე, ვერ განსაზღვრავს წინასწარ, როდის მივა მათთან ამ სისტემის დამანგრეველი ნამსხვრევები. 

დიდი იმედი მაქვს, ისტორიაში შევა 2 ოქტომბრის არჩევნები და დაინგრევა მკვლელი სისტემა - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.