გააფრთხილეს, შეშვებულიყო პოლიტიკურ აქტივობას - ნაცემი ,,ენმ"-ს მხარდამჭერის ახლობლები
რუსთავში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის, ივანე გველესიანის, ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.
ოჯახი ვარაუდს გამოთქვამს, რომ შსს გველესიანზე თავდამსხმის ფაქტს ობიექტურად არ გამოიძიებს.
თავდასხმა აშკარად პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. წინა დღეებში გააფრთხილეს, შეშვებულიყო პოლიტიკურ აქტივობას. უთხრეს, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, რაც რეალურად სისრულეში მოიყვანეს. ფაქტია, რომ ადამიანი პირდაპირ, მოსაკლავად იყო გამეტებული. ნახეთ, რას დაამსგავსეს განსხვავებული აზრის გამო.
რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებიდან" იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, რახან პოლიტიკურია, საქმეს არც კი გამოიძიებენ. დამკვეთი ზემოთ ზის და არავის აწყობს რეალური დამკვეთის გამოაშკარავება"- აცხადებს დაშავებულის ახლობელი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, დავით კირკიტაძე, აცხადებს, რომ ივანე გველესიანმა რუსთავის მერია პოლიტიკური დირექტივების არშესრულების გამო დატოვა.
ის მერიაში მუშაობდა. მან "ქართული ოცნების" მესვეურებს იმ დავალებების შესრულებაზე უთხრა უარი, რასაც ხელისუფლების ადგილობრივი ლიდერები აძლევენ მერიაში დასაქმებულებს.
ივანე გველესიანმა პირდაპირ განუცხადა ხელსიუფლებას, რომ ძალადობრივ რეჟიმს არ დაუჭერდა მხარს და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. ამის შემდეგ პარლამენტის წევრი, ლექსო დალაქიშვილი, რამდენიმე ადამიანთან ერთად დაემუქრა, რომ კბილებს ჩამოუღებდა. გუშინ კი სპორტული აღნაგობის ადამიანი დაახვედრეს და უმიზეზოდ გაუსწორდნენ"- განაცხადა დავით კირკიტაძემ.