თავდასხმა ოპოზიციაზე დმანისში - "ოცნების" კანდიდატის შვილმა 2 კაცი მძიმედ დაჭრა

21.09.21 17:13
თავდასხმა ოპოზიციაზე დმანისში - "ოცნების" კანდიდატის შვილმა  2 კაცი მძიმედ დაჭრა

ხელისუფლების ოპონენტებს დმანისში, სოფელ განთიადში, ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები ჰყავთ.

როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კახა ოქრიაშვილი "პირველებთან" საუბარში აცხადებს, სისხლიან დაპირისპირებაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი, მონაწილეობდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კადრებში ჩანს, როგორ დაჭრა დაუთაშვილმა მათი მხარდამჭერი. ასევე ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავად "მაჟორიტარობის" კანდიდატიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

გვაქვს კადრები, სადაც მას უჭირავს დანა, ყველაფერი აღბეჭდილია ვიდეოზე"- ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

კახა ოქრიაშვილის თქმით, საარჩევნო შეხვედრაზე 30-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდა. 

ეს არის ,,ქართული ოცნების" ჩამოყალიბებული სტილი, ძალადობა წინასაარჩევნოდ. მოძალადეები სამართალდამცავების მხრიდან არიან წახალისებულები. ზონდერბრიგადები  2020 წლის არჩევნებზეც მუშაობდნან და მაშინაც დაჭრეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით, თუმცა არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის"- აცხადებს ოქრიაშვილი.