პასუხისმგებლობას ვაკისრებთ "ქართულ ოცნებას" - ,,ენმ" დმანისის ინციდენტზე

21.09.21 07:26
პასუხისმგებლობას ვაკისრებთ "ქართულ ოცნებას" - ,,ენმ" დმანისის ინციდენტზე

დმანისში ოპოზიციის წევრებზე შეიარაღებულ თავდასხმას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას, განცხადებით, თავდასხმაში მონაწილე პირების გარდა მომხდარზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა". ოპოზიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს და დამნაშავეების დაუყოვნებლივ  დასჯას მოითხოვს.

აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ ამ თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ ასევე, ვაკისრებთ "ქართული ოცნების" უმაღლესი თანამდებობის პირებს, რადგან ისინი საკუთარი რიტორიკით, საკუთარი განცხადებებით, საკუთარი კამპანიით, მათ შორის, ძალადობრივი პლაკატებით და საკუთარი მოქმედებებით, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმით ახალისებენ ამგვარ ძალადობას. ჩვენ მოვისმინეთ უკვე განცხადებები მიხეილ დაუთაშვილის მხრიდან, რომელიც უარყოფს მისი შვილის იქ ყოფნას, მაგრამ ეს კადრებშია ასახული. თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილია ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც დარწმუნებული ვართ, მას ასევე, არ აქვს. ასევე, ნორმალურ ქვეყანაში უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე უნდა მოიხსნას მათთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან და ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა  და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა მოხდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დმანისში ოპოზიციის წევრებზე შეირაღებული  თავდასხმა მოხდა.  დაჭრილია ორი აქტივისტი, რომლებიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში არიან გადაყვანილი.