"მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სანქციები უნდა გაუქმდეს" - ODIHR-ის დასკვნა "ოცნების" ცვლილებებზე

14.03.25 20:24
"მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სანქციები უნდა გაუქმდეს" - ODIHR-ის დასკვნა "ოცნების" ცვლილებებზე

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მწვავე ანგარიში მოამზადა. 

ODIHR-ი წერს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, განსაკუთრებით ICCPR-ის 21-ე მუხლსა და ECHR-ის 11-ე მუხლს ეწინააღმდეგება. 

ODIHR-ი ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს, რომ დამტკიცებული ცვლილებები სრულად გააუქმოს, რადგან მათივე განმარტებით, კანონმდებლობაში შეტანილი ახალი დებულებები და წესები არადემოკრატიულია. 

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიულ, ტოლერანტულ და პლურალისტურ საზოგადოებას საფუძვლად უდევს, რაც იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა რწმენის მქონე ინდივიდებმა და ჯგუფებმა საკუთარი მოსაზრებები გამოხატონ. სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ უფლებების გამოხატვას დისკრიმინაციის გარეშე. თავისუფლების უფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების ეფექტური დაცვა ეხმარება დემოკრატიის განვითარებას და დიალოგის გაძლიერებას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე. 

პარლამენტში განსახილველი ცვლილებები 2025 წლის 3 თებერვალს შევიდა. პარლამენტმა ცვლილებები 2025 წლის 6 თებერვალს, დაჩქარებული წესით,  ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე მიიღო. ცვლილებები მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ასევე ცვლილებებით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სასჯელი უფრო გამკაცრდა, რაც მოიცავს პატიმრობის ვადების გახანგრძლივებას და ჯარიმების გაზრდას. 

ცვლილებებიდან რამდენიმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ისინი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ ICCPR-ის 21-ე მუხლთან და ECHR-ის მე-11 მუხლთან თანხვედრაში არ მოდის. ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო დებულება, მათ შორის, დახურულ სივრცეში შეკრებასთან დაკავშირებით შენობის მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობა, სახის ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი სანქციები ან მთლიანად უნდა გადაიხედოს, ან სრულად უნდა გაუქმდეს. არაპროპორციული სასჯელი, თავის მხრივ, შესაძლოა იყოს მშვიდობიანი გამოხატვის უფლების დარღვევა. ადმინისტრაციული კოდექსის გათვალისწინებით დაკისრებული ჯარიმების ოდენობა არსებითად უნდა შემცირდეს..." - წერია დოკუმენტში. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი "ქართულ ოცნებას" შემდეგი ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებს:

  • სპონტანური შეკრებების გამართვის მკაცრი რეგულაცია – დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;
  • შენობებში შეკრების აკრძალვა მესაკუთრის წერილობითი ნებართვის გარეშე;
  • გზების დაბლოკვის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები, მათ შორის ხიდების, გვირაბებისა და სატრანსპორტო ჰაბების ჩაკეტვის აკრძალვა;
  • სახის დაფარვის სრული აკრძალვა (მაგალითად, ნიღბებით);
  • სანქციების გამკაცრება, მათ შორის უფრო ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმების გაზრდა.

მსგავსი სიახლეები