ცემენტი, ბეტონი და ივანიშვილი: იქცა თუ არა მინი ოლიგარქი დიდი ოლიგარქის მაშველ რგოლად?! - (დოკუმენტები)

15.03.25 21:30
ცემენტი, ბეტონი და ივანიშვილი: იქცა თუ არა მინი ოლიგარქი დიდი ოლიგარქის მაშველ რგოლად?! - (დოკუმენტები)

ცემენტის ბიზნესი და ოლიგარქი - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესის, ცემენტის ქარხნების საკონტროლო პაკეტი ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს ირაკლი რუხაძეს  2024 წლის დეკემბერს გადასცა.

  • წილის მფლობელების შეცვლა დროში ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი ოლიგარქის დასანქცირებას, რაც კორუფციის მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ივანიშვილმა სანქციების შიშით, მრავალმილიონიანი ბიზნესი რუხაძის სახელზე უბრალოდ გადამალა. (ბიძინა ივანიშვილი შტატების სახელმწიფო ხაზინამ 27 დეკემბერს დაასანქცირა).

ქვეყანაში დეველოპერული ბიზნესი ყველაზე მომგებიანია - ბაზარზე დიდია მოთხოვნაა ცემენტზეც და ბეტონზეც. "ქართული ცემენტის" მოგება ამ პირობებში 100 მილიონს აღწევს.

ასეთი მომგებიანი ბიზნესი და ბაზრის პრაქტიკული მონოპოლისტი წარმოება რომ მისი საკუთრება ყოფილიყო, ამაში ივანიშვილმა დიდი რესურსი ჩადო: 

  • 2023 წლის 21 აპრილამდე "ქართული ცემენტის" 100%-ს ,,კავკასუს ცემენტი ბივი’’ ფლობდა. ამ უკანასკნელის 45-45%-ს კი გერმანული "ჰაიდელბერგი" და ნიდერლანდური ,,ცემენტი ინვესტი’’ ინაწილებდნენ. ნიდერლანდური "ინვესტი" ირაკლი რუხაძის კუთვნილი ,,პარკ სთრით ქეფითალ სთარლისა’’ და ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის საკუთრებაა.
  • საბოლოოდ, რუხაძისა და ივანიშვილის ნიდერლანდურმა კომპანიამ, გასული წლის 21 აპრილს გერმანული "ჰაიდელბერგის" წილი სრულად გამოისყიდა და აქციათა 90%-ის მფლობელი გახდა. თუმცა ეს მოცემულობა მხოლოდ წელიწად ნახევრით შენარჩუნდა. ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოების წილი, ივანიშვილს, გერმანული "ჰაიდელბერგისგან" რომ გამოესყიდა, ამისთვის საქველმოქმედო ფონდ "ქართუს ქონება" ბანკში ჩადო და სესხი გამოიტანა. ფაქტს დოკუმენტი ადასტურებს. "საქართველოს ბანკში" აღებული სესხით გამოისყიდა ქართველმა ოლიგარქმა, ცემენტის და ბეტონის საწარმოების წილი ირაკლი რუხაძისგანაც. 2023 წლის მაისში, ოლიგარქი ერთპიროვნულად ფლობდა უკვე "ქართული ცემენტის" 90%-ს. არადა, ოლიგარქი ივანიშვილი აქამდე საჯაროდ ამტკიცებდა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებით ფულს არ შოულობდა.

როდესაც გასული წლის ბოლოს, ცემენტისა და ბეტონის ბიზნესიდან მიღებული მოგება უნდა დაეთვალა, სწორედ მაშინ გადასცა ივანიშვილმა აქციების საკონტროლო პაკეტი ირაკლი რუხაძეს. თუ წილის გაყიდვამდე რუხაძე ამ ბიზნესის 45 % ფლობდა, ახლა უკვე 50 მთელი 5 მეათედი აქვს.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების დროს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა გენერალური ლიცენზია #116. ამ დოკუმენტის თანახმად, სანქცირებულია ყველა ის კომპანია, სადაც ბიძინა ივანიშვილს, წილის 50 % ზე მეტი აქვს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ მიზნით დაიტოვა საქცემენტის მფლობელ კომპანიაში 49,5%, რაც მისი გათვლებით კომპანიის სანქცირების რისკს შეამცირებდა.

რაში სჭირდებოდა ივანიშვილს მომგებიანი ბიზნესის საკონტროლო პაკეტის ირაკლი რუხაძისთვის გადაცემა?!

სპეციალისტების თქმით, ოლიგარქს შეეძლო სხვა კომპანიების მსგავსად, საერთაშორისო იურისდიქციიდან ისინი ქართული შპს-ების სახელზე გადმოეტანა, თუმცა ექსპერტების თქმით, აქ საქმე ფულშია. სხვა ბიზნესებისა და ქონების საქართველოში გადმოტანისას, ივანიშვილმა ე.წ. ოფშორების კანონით ისარგებლა, იმისთვის რომ ბიუჯეტში ფული არ გადაეხადა, მაგრამ კავკასუს ცემენტ ჰოლდინგი ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. რაც ოფშორული ზონა არ არის და იქიდან აქტივების საქართველოში შემოტანის დროს შეღავათებით ვერ ისარგებლებდა და მოუწევდა ფული ხალხისთვის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა.

ივანიშვილის ცემენტის ქარხნები - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები