მკვლელობა მარნეულში - დაკავებულია 3 პირი
მარნეულში, 28 წლის ჯავიფ ჩოვდაროვის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფატზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მკვლელობის ფაქტზე ო.გ.-ს და ო.ტ.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით, ხოლო ს.ა.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ო.გ.-მ და ო.ტ.-მ, მათი დის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდლობის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი თოკით შეუკრეს და ავტომანქანით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც წყლის არხში ჩააგდეს. აღნიშნული პირების ქმედების შედეგად ჯ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილ ქმედებას მათივე მეგობარი ს.ა. შეესწრო, თუმცა მან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.