არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია - კალაძე

22.09.21 09:52
არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია - კალაძე

„პირველი არხის“ ეთერში მიმდინარე თბილისის მერობის კანდიდატების დებატებზე ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ თბილისის მოქმედ მერს ჰკითხა, იზიარებდა თუ არა ის მმართველი გუნდის წარმომადგენლების პოზიციას, თითქოს ის ნარკოდამოკიდებული ყოფილიყო. 

დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები, ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები. შენ იზიარებ, კონკრეტულად კახა კალაძე იზიარებ ამას თუ არა?,- ჰკითხა გახარიამ კალაძეს. 

გახარიას კითხვის სასპასუხოდ კალაძემ თქვა, რომ მისთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია. 

ნარკომანობასთან დაკავშირებით მემგონი არავის დაუბრალებია და არავის არ უთქვია ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე (პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა). მე არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში კაცი ვარ და მერე ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. მე არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი, - თქვა კალაძემ.