"ოცნება" დიპლომატიური სკანდალის ეპიცენტრში - "ელჩის ბრიუსელში დაბარება ფაილების ავთენტურობას ადასტურებს"
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უპრეცენდენტო დიმლომატიურ სკანდალში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო იმიჯი კიდევ ერთხელ დააზიანა.
უცხოელი დიპლომატების უკანონო, ფარული თვალთვალის საქმეზე ბრიუსელში საქართველოს ელჩის დაბარებას ხელისუფლების ოპონენტები საგანგაშო სიგნალს უწოდებენ.
სალომე სამადაშვილი, რომელსაც დიმლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, "პირველებთან" ამბობს, რომ ელჩის გამოძახება დიპლომატიურ ენაზე მკვეთრი რეაქციაა.
სალომე სამადაშვილის თქმით, დასავლეთთან ასეთ დაბალ დონეზე ურთიერთობა ქვეყნის ისტორიაში ამ დრომდე არ ყოფილა.
ელჩის გამოძახება ნიშნავს, რომ ასეთ დაბალ ნიშნულზე ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობა არ ყოფილა. არ მახსენდება ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში, რომ ახსნა განმარტებისთვის ჩვენს წარმომადგენელს იბარებდნენ ევროკავშირში. ცხადია, ევროპა ამ ხელისუფლებას საკუთარ პარტნიორად არ მოიაზრებს - განმარტავს სალომე სამადაშვილი.
,,ნაცმოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ ელჩის დაბარების ფაქტი უკანონო ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს.
არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორს ეჭვი არ ეპარება ფარული მიყურადების მასალების ავთენტურობაში. უცხოელი დიპლომატები რომ არ დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი საუბარი და კრებსში ამოკითხული ჩანაწერი იდენტური არ არის, მაშინ ჩვენს ელჩს არ დაიბარებდნენ - ამბობს ნიკა მელია.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძის პროგნოზით, ევროკავშირი უკანონო მოსმენებზე დეტალურ გამოძიებას დაიწყებს.
დიპლომატიური კორპუსის თვალთვალი არის საერთაშორისო დანაშაული. ეს არ არის მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი დანაშაული. დარწმუნებული ვარ, მას მძაფრი რეაგირება ექნება და ამაში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან. მოხდება დეტალური გამოძიება ჩვენი დასავლელი და ევროპელი კოლეგების მხრიდან. რა თქმა უნდა, ისინი დაიცავენ ვენის კონვენციას და არ დაუშვებენ, რომ აქ მათი წარმომადგენლები მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყვნენ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
დიპლომატების უკანონო თვალთვალის საქმეზე ევროკავშირს მძაფრი რეაქცია ჰქონდა. ,,მეგობრები ერთმანეთს ასე არ ექცევიან" - აცხადებენ უცხოელი დიპლომატები.