სასტიკი მკვლელობა მარნეულში -"ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

22.09.21 15:41
სასტიკი მკვლელობა მარნეულში -"ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

"პირველებმა" მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - ტვ "პირველის" ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა.  

საქმის პროკურორი ლევან ჯალაღანია ყვება, რომ მოკლულმა 17 სექტემბერს მის მეზობლად, სოფელ იფნარში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალთან არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა. კერძოდ, მოკლულმა ჯავიდ ჩოვდაროვმა მკვლელობის წინა დღეს, ქალს ნომერი სთხოვა. უცნობია მათ შორის არსებული კომუნიკაციის სხვა დეტალები, თუმცა ქალმა ამის შესახებ მარნეულში მცხოვრებ მის ძმებს აცნობა.

შემთხვევიდან მეორე დღეს, ქალის ძმებმა ჯავიდ ჩოვდაროვი მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. "პირველების" ინფორმაციით, ის ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებული ფერმის შენობაში ხელებით და ფეხებით სასტიკად სცემეს, გაკოჭეს, სხვა სოფელში წაიყვანეს, სამშენებლო ბლოკები მოაბეს და არხში გადაადგეს. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ქალი, რომელთანაც ჩოვდაროვი არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა, მისივე თანასოფლელია. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ის სოფელში შვილებთან ერთად ცხოვრობს, მეუღლე კი მწყემსია და სეზონურად ხამგრძლივად სხვა რეგიონში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მოკლული ჯავიდ ჩოვდაროვის ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზად სხვა ვერსიას ასახელებდნენ. მათი თქმით, ჯავიდ ჩოვდაროვი მიკროავტობუსის მძღოლი იყო და ქალს მგზავრობის თანხის დავალიანების გადახდა მოსთხოვა და სწორედ ამის გამო მოხდა სასტიკი მკვლელობა.