შეშა ხმის სანაცვლოდ- ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ხაშურში

22.09.21 17:24
შეშა ხმის სანაცვლოდ- ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ხაშურში

შიდა ქართლში კი ,,ქართული ოცნება"  ხახვის და კარტოფილის შემდეგ ამომრჩევლის გულის მოგებას შეშით ცდილობს. ამომრჩევლის  სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ხაშურში დაფიქსირდა.

,,ქართული ოცნების" საკრებულოს  მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან გამრეკელს,  ათობით ოჯახის ფულით, შეშით და სხვა საჭირო ნივთებით მოსყიდვაში  ადანაშაულებენ.

ტვ პირველის ინფორმაციით, ლევან გამრეკელი ადგილობრივი ბიზნესმენია, რომლის კომპანიები ტენდერებს ერთმანეთის მიყოლებით იგებს, დაგროვილი კაპიტალით კი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.

გამრეკელი ხაშურის საკრებულოს მოქმედი წევრია და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატია.

ტვ პირველი იმ ადგილებში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას თანხითა და საქმით ეხმარება.

,,პირველების" ინფორმაციით, გამრეკელმა ბოლო დროს სოფელ ოსიაურში სკოლას ძვირადღირებული რკინის ჭიშკარი შეუძინა, სოფელ მიცობში კი სასმელი წყლის რეაბილიტაცია დაიწყო, 

ვისაც შეხვდება, ყველას პატივს სცემს, ფულით ეხმარება, შეშითაც ეხმარება, სკოლის კარი მაგან დაკიდა ახლახანს, ჩვენს სოფელში ერთი ინვალიდი ბიჭია და ყოველთვის 100 ლარით ეხმარება, ასფალტი დაგვიგო აგერ უკვე ერთი კვირაა, წყლის მატორები იყო დამწვარი, თავისი ფული ამოიღო ჯიბიდან და განაახლა - აცხადებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები

ტვ პირველი ლევან გამრეკელს დაუკავშირდა, რონმელიც არ ადასტურებს, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ეხმარება

დახმარებით მთელი ცხოვრება ვეხმარები, მაგრამ წინასაარჩევნოდ არ დავხმარებივარ, კანონი ვიცი, არც შეშა დამირიგებია, მოსახლეობა იტყუება, თუ ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის ამბავია - აცხადებს გამრეკელი.

ამ სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.