დიპლომატიური სკანდალის შემდეგ კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ევროკავშირის ელჩი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
კარლ ჰარცელმა ხელისუფლება და ოპოზიცია ინდივიდუალურ შეხვედრებზე დაიბარა, სადაც მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა წინასაარჩევნო პროცესი იქნება.
პირველი, ვისაც ელჩი შეხვდება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, რომელმაც ჰარცელი მოსმენების სკანდალზე საკუთარი კრიტიკული განცხადების გამო გააკრიტიკა.
ოპოზიცია დასავლელ პარტნიორთან შეხვედრაზე ძალადობრივი კამპანიის და უკანონო მიყურადების შესახებ ისაუბრებს. ,,ლელოს" ლიდერის" თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციისა და არასტაბიულური გარემოს გამო საქართველო ბოლო მსხვილმა ინვესტორმა დატოვა. მამუკა ხაზარაძე ევროკავშირის ელჩთან სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს.
ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მოსმენები, რომელიც გასცდა ვყოველგვარ ზღვარს, კარლ ჰარცელმაც კი დაადასტურა, რომ ეს მოსმენები ეხება მათ, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ძალიან კრიტიკულ ზღვარზეა ,,ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, გუშინ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ინვესტორმა, მგონი, ბოლო ინვესტორია, დატოვა საქართველო.
პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო შეტანილია შავ სიაში - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, შეხვედრაზე ყურადღებას არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილებს.
შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს შეხვედრა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესებში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ჩვენზე, ოპოზიციაზე და მოქალაქეებზეა დამოკიდებული. მაგრამ მათი ფაქტორი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდეს, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ პირველი, რაზეც შეხვედრაზე ვისაუბრებთ, არის ძალადობრივი ფაქტორი, რომელიც არის ,,ქართული ოცნების" მხრიდან შექმნილი -ამბობს ელენე ხოშტარია
მმართველი პარტიის გენმდივანი, კახა კალაძე, აპირებს, ევროპელ დიპლომატთან ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბროს.
ვისაუბრებთ, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ზოგადად, არსებული პოლიტიკური საკითხები იქნება განხილული. რა თქმა უნდა, იმაზეც ვისაუბრებთ, რომ გარკვეული პოლიტრიკური პარტიები ცდილობენ, შემოიტანონ დაპირისპირება, არეულობა, თუმცა, მათ არ გამოუვათ, ყველაფერზე იქნება საუბარი - აცხადებს კახა კალაძე.