მშვიდობიანად მოემზადეთ ხელისუფლებიდან წასვლისთვის - ხოშტარია "ოცნებას"
მშვიდობიანად მოემზადეთ ხელისუფლებიდან წასვლისთვის - ,,დროას" ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ,,ქართულ ოცნებას" მიმართავს ნუ დააზიანებენ საქართველოს ინტერესებს, მოქალაქეებსა და ამომრჩევლებს.
,,ქართული ოცნება" აბსოლუტურად ისტერიულ, აგონიურ მდგომარეობაშია. ყველაზე კარგად დღეს ,,ქართულმა ოცნებამ" თავად იცის, რომ ისინი ამ არჩევნებში არიან დამარცხებულები. ამ მარცხის გამო და ოპოზიციის გამარჯვების გარდაუვალობის გამო ,,ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ გახდეს კიდევ უფრო აგრესიული და, პირდაპირ ვთქვათ, დაერიოს ხალხს. მათ გადაწყვიტეს, რომ გარდაუვალ წაგებაზე მათი რეაქცია უკვე ნაცადი ხერხი, ძალადობა იყოს". – თქვა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, ,,ქართულ ოცნებას" აქვს შანსი, დარჩენილ დროში არ დააზიანოს, ერთი მხრივ, ქვეყანა, მეორე მხრივ კი, საკუთარი თავი.
ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი, ეს დარჩენილი პერიოდი და ცვლილებები გაფორმდეს მშვიდობიანად, რაც უპირველეს ყოვლისა შედის ქვეყნის ინტერესებში. ზოგადად, არ არსებობს ერთი ჩამოვარდნილი თმის ღერიც კი, რომელიც ღირს ვინმეს სკამად. არ არსებობს რაიმე თანამდებობა, ან ძალაუფლება, რომელიც ღირდეს შელახულ ჯანმრთელობად. ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი, გარდა იმისა, რომ არ დააზიანოს ქვეყანა, არ დაიზიანოს თავიც. მათ აქვთ შანსი, ახლა მოიქცნენ ისე, რომ მშვიდობიანად და, მე ვისურვებდი, ღირსეულად წავიდნენ ხელისუფლებიდან და ნუ დააზიანებენ ქვეყანას, რასაც ეს ბოლო პერიოდია, აქტიურად აკეთებენ". – ამბობს ელენე ხოშტარია.