ანა დოლიძე ასახელებს "კლანის წევრ მოსამართლეებს", რომლებიც რეჟიმმა დააწინაურა

27.03.25 12:39
ანა დოლიძე ასახელებს "კლანის წევრ მოსამართლეებს", რომლებიც რეჟიმმა დააწინაურა

„მოსამართლეები, რომლებმაც გამოიტანეს უკანონო განაჩენები ხარძიანის და ლეონიძის საქმეზე, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ, არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს განაგრძობენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას“ - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას "თეას ფანჩატური" უწოდა და თქვა, რომ "ოცნების" მიზანია,  ისეთი ანგარიშის მომზადება, რომელიც რუსეთისთვის სასიამოვნო იქნება".

მისი თქმით, ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე კომისიის წინაშე წარდგა და რომელიც მომავალში წარდგება, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა „კლანთან“. 

პოლიტიკოსის შეფასებით, ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ პირობებში "ადამიანის უფლებების შელახვას აგრძელებს და 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი".

ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან. კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას ესიამოვნება. ჩვენ სოლიდარული ვართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დაზარალდა წინა და ამ ხელისუფლების დროს და ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანმა საქართველოში სამართალი უნდა იპოვოს.

ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე კომისიის წინაშე წარდგა და რომელიც მომავალში წარდგება, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა „კლანთან“, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას აგრძელებს და რომელთაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი. იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას განაგრძობენ.

ამ კომისიას ორი ამოცანა აქვს - პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში.

ჩვენთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ის მუქარა, რომელიც თეას კომისიიდან მოდის იმიტომ, რომ კომისიაც და პარლამენტიც სრულიად ბუტაფორიულია და არალეგიტიმური“, - განაცხადა დოლიძემ.

ჯემალ ლეონიძე - შპს „მაგნატი“: 

  • ანა დოლიძის განცხადებით, ჯემალ ლეონიძის საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ქსელის -„მაგნატის“ საქმის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი "ქართული ოცნების" პირობებში დააწინაურეს. ეს უკანასკნელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 2021 წლის ივლისში გაამწესეს.  ლაშა ქოჩიაშვილი იყო ის მოსამართლე, ვინც წინა ხელისუფლების დროს  „მაგნატის საქმე“ განიხილა და კომპანიის ლიკვიდაცია გამოაცხადა.
  • "ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, რაც შეეხება მეორე მოსამართლეს, ანა დოლიძის თქმით, მზია ლომთათიძემ 2012 წელს  ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯემალ ლეონიძის პატიმრობასთან დაკავშირებით.  ლომთათიძე 2012 წლის ოქტომბრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ხარძიანის საქმე: 

  • ანა დოლიძე ამბობს, რომ მოსამართლე ლელა ნოზაძემ 2011 წელს ბესო ხარძიანი  პატიმრობაში გაუშვა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ცნობით,  ამავე მოსამართლემ განიხილა ხარძიანის მკვლელობის საქმე.
  • 2017 წლის მაისიდან ნოზაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა, 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.