პრეზიდენტის გეგმა: შეიქმნას პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა
საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ანგარიშს აბარებს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა შეიქმნება.
მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს.
სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი არ ჩამოაყალიბებს ლეგიტიმურ მთავრობას და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ვრჩები ჩემი ფიცის ერთგული – ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი.
მიზნის მისაღწევად საჭიროა, ამ ბრძოლას ქუჩის პროტესტთან ერთად და მასთან შეჯერებით, მიეცეს პოლიტიკური ფორმატიც. ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით - „წინააღმდეგობის პლატფორმა“.
ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი:
- დაინიშნოს ახალი და თავისუფალი არჩევნები;
- გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.
ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ანუ უფრო ეფექტურად, ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს. წინააღმდეგობა გაუწიოს და წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი.
პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს გასატანად ქვეყნის შიგნით და გარეთ: კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია მიღწეული იყოს.
წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ დასაწესებელ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე"- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.