კობახიძე ამბობს, რომ "ეკლესიასთან თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაცია სწორად ვერ წარიმართებოდა"

05.04.25 15:46
კობახიძე ამბობს, რომ "ეკლესიასთან თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაცია სწორად ვერ წარიმართებოდა"

„ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძე ირწმუნება, რომ თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს.

„გვაქვს კოორდინირებული სტრატეგია - საპატრიარქო, როგორც ძეგლის მესაკუთრე, პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოების მეთოდოლოგიაზე, მთავრობა კი, უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესი უნდა იყოს თანამონაწილეობითი, უნდა ითვალისწინებდეს ფართო ჩართულობას. ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია, ასეთი ფორმით განხორციელდეს ყველა შესაბამისი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი და ეს მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე პროცესის სწორად წარმართვისთვის, ასევე სამომავლო, გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაგპირდეთ თანადგომას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე ჩვენ დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი, ეს უძვირფასესი ტაძარი, ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“-  განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.