ვამაყობ "ქართული ოცნების" მუშაობით - ღარიბაშვილი გაეროში ამტკიცებდა, რომ 6 დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა
ვამაყობ "ქართული ოცნების" მუშაობით - პრემირი ღარიბაშვილი გაეროს ტირუბინიდან ამტკიცებდა, რომ საქართველოში ეკონომიკა ჯანსაღდება, სამუშაო ადგილები იქმნება და ხელისუფლებამ ქვეყანაში 6 დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა.
საქართველოს პრემიერს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 76-ე სხდომაზე არაფერი უთქვამს ქვეყანაში ძალადობრივ თავდასხმებზე, ოპონენტების დევნაზე და პოლიტიკურ ქაოსზე.
პრემიერმინისტრის თქმით, როდესაც არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს ხალხის ნების დამორჩილება.
ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნით და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მუშაობით, უფრო ძლიერი დემოკრატიის, უფრო ძლიერი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხისთვის ნათელი მომავლის შექმნით. ჩემს მთავრობას აქვს განვითარების გეგმა, ნათელი ხედვა 2023 წლისთვის, რომელიც თანხვედრაშია გაეროს 2023 წლის დღის წესრიგთან.
აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დემოკრატიული წეს-წყობილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოექცა წნეხის ქვეშ, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეტევის წინაშე.
ირაციონალური და ბნელი ძალები ამუშავდნენ, რასაც ხშირად გარე დივერსანტები ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ. მათ წყაროს მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ დემოკრატიულ გზაზე უნდა დავრჩეთ. არჩევნები ხშირად ვნებებისა და მძიმე ბრძოლების ადგილად იქცევა, ემოციებიც მატულობს. თუმცა, როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს, ხალხის ნების დამორჩილება", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის წევრებს არწმუნებდა, რომ საქართველოში ოცნებები ხდება:
დავუბრუნდები ჩემი ქვეყნის თემატიკას და ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება. სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებებისთვის ვიღწვით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს. ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და კიდევ ერთხელ ვხდებით წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრი მსოფლიოში"- ამტკიცებდა გაეროს ტრიბუნიდან ღარიბაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად:
ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები ძირძველია. მრავალი მღელვარე მოვლენა გამოვიარეთ, გადავრჩით და განვვითარდით მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად. საქართველო ის თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება ქვეყნის სრული პოტენციალის საჩვენებლად.
ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს და ჩრდილოეთი სამხრეთს. ჩვენ ყოველთვის ვუსწორებდით თვალს ახალ გამოწვევებს - ყოველ ცალკეულ ჯერზე ჩვენი წარსულის განმავლობაში"- დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.