კობახიძე 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს, მას "უცხოურ ძალად" მოიხსენიებს

09.04.25 10:38
კობახიძე 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს, მას "უცხოურ ძალად" მოიხსენიებს

ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".

ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზხებლ აქციაზეც წერს რომ:  "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე"

9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა. 

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს.

დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას. 
ვფიქრობთ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს!"- წერს კობახიძე განცხადებაში. 

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები და პროევროპული აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან რჩებიან. ისინი ამბობენ, რომ მემორიალთან მისვლის უფლებას„ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არ მისცემენ.

რეჟიმის პატიმრების მშობლებმა თანამოაზრეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. 04:00 საათზე, იმ დროს, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, სანთლები დაანთეს და ილოცეს. მანამდე აქციაზე შეკრებილებმა დადეს ფიცი, რომ დაიცავენ 9 აპრილის მონაპოვარს და არ მიატოვებენ რეჟიმის პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.

მსგავსი სიახლეები