ნინო წილოსანი რუსული არმიის მიერ სადისტურად მოკლულ ახალგაზრდებს "გარდაცვლილ ადამიანებს" უწოდებს

09.04.25 11:55
ნინო წილოსანი რუსული არმიის მიერ სადისტურად მოკლულ ახალგაზრდებს "გარდაცვლილ ადამიანებს" უწოდებს

დილიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებებს ავრცელებენ, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს  რუსეთი და მისი არმია არ უხსენებია. 

ნინო წილოსანმა რუსეთის არმიის მიერ დაჩეხილ ადამიანებს "ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები" უწოდა: 

"ჩვენ, ქართველებს არავისგან გვესწავლება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები და ჩვენს შვილებს მათი თავგანწირვის მაგალითზე აღვზრდით" - წერს "ქართული ოცნების" წევრი. 

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან".

"36 წლის წინ ქართველები რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება! 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან. საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას!", - წერს მდინარაძე.

მანამდე, 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი კობახიძემ გაავრცელა, სადაც წერია, რომ ამ დღეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა "უცხოურმა ძალამ" განახორციელა.
მთელ განცხადებაში, კობახიძეს რუსეთი და მისი არმია არც ერთხელ უხსენებია. 

მსგავსი სიახლეები