20 ივნისის საქმეზე ამ კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია

14.04.25 12:17
20 ივნისის საქმეზე ამ კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია

 

 

გიორგი გახარია 20 ივნისის საქმეზე მასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვს - ამის შესახებ ექსპრემიერმა თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა. 

მისი თქმით, წულუკიანის კომისიამ კითხვები უნდა დაუსვას "გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს" და მასპინძელს. 

გახარია პირდაპირ ამბობს, რომ კომისიას „ოცნება“ იყენებს ჰიბრიდული ომისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, 20 ივნისთან დაკავშირებით ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის წვდომას, იმისთვის რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ.

მე ვთვლი, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი , ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა.

მე ვთვლი, რომ უნდა გამომკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის.

მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებთ, თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი კომისია",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას უსმენენ. გახარია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა.

წულუკიანი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის კომისიაზე მისვლას დადებითად აფასებს. გახარია ამ წუთებში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. 

„მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ ჩვენი დეპუტატის უფლებამოსილებებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“,- განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი გახარიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, კითხვებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხებდა.

 

 

მსგავსი სიახლეები