ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - გახარია ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს

14.04.25 18:38
ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - გახარია ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს

ვინ გასცა 6 წლის წინ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - ექსპრემიერი გიორგი გახარია  20 ივნისის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს. 

გიორგი გახარიას თქმით, ის პრემიერ მინისტრის პოსტიდან იმიტომ გადადგა, რომ პროცესების მართვაში ივანიშვილი შემოვიდა. 

"თუ პრემიერის გვერდის ავლით გასამხედროებული დანაყოფების მოძრაობა შეეძლო ვინმეს - მე მაშინ პირველად გავავლე პარალელი რა შეიძლება მომხდარიყო 20 ივნისსაც"- თქვა გახარიამ. 

მაშინ დავინახე პირველად და მაშინ გავავლე პარალელი იმასთან, თუ რა შეიძლება მომხდარიყო 20 ივნისს. თუ დღეს, ასე მარტივად, პრემიერის გვერდის ავლით, მიმდინარე ღონისძიების დროს არანაირი პრობლემა არ იყო ძალოვანი სტრუქტურების და გასამხედროებული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანა-გამოყვანა და მათი მოძრაობა, არაფერი უკვე გამორიცხული არ არის. მაშინ მე უკვე ეს არც დამიშვია და ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებდი. დღეს გონივრული ეჭვი გამიჩნდა, რომ 21 წლის 19 თებერვალს რაც მოხდა, იმას მარტო მე კი არა, უამრავი ადამიანი დაასაბუთებს". - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ დღეს წულუკიანის კომისიას აუხსნა, რისი ბრძანება გასცა მან 6 წლის წინ,  20 ივნისს.

მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების ბრძანება მან გასცა, რაც შეეხება სპეციალური საშუალებების გამოყენებას, გახარიას თქმით, ეს ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ წულუკისნის ე.წ. საგამოძებო კომისიაზე გახარიამ ნიკა მელიას დაკავებასა და მისი გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაიხსენა დეტალები, თუ რატომ გადაწყვიტა პრემიერმინისტრობიდან გადადგომა და თქვა, რომ ეს უკავშირდებოდა არა იმას, რომ ნიკა მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, არამედ იმას, რომ პროცესში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია.

გახარიას თქმით, თავიდან პოლიტსაბჭოსა და მთავრობის წევრები იზიარებდნენ აზრს, რომ მელიას იმ ფორმით დაკავება არასწორი იყო, მოგვიანებით კი მას შემდეგ რაც პროცესები ივანიშვილმა აიღო, "ყველა გაქრა".

მსგავსი სიახლეები