სასამართლო გადაწყვეტილებები SMS შეტყობინებებით - TI გამოძიების დაწყებას მოითხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევაზეა საუბარი, გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ზარდიაშვილის კავშირების შესახებ სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფთან ისინი წლებია, საუბრობდნენ.
შაბათს, 25 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, “ოცნების” დეპუტატები, ირაკლი კოვზანაძე და პაატა კვიჟინაძე, მათი კოლეგის, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის, დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც.
წლებია, სამოქალაქო სექტორი, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საუბრობს ზარდიაშვილის კავშირების შესახებ სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფთან. მას კლანის წევრებთან ახლო, ნათესაურ-მეგობრული კავშირებიც აქვს. კერძოდ, ზარდიაშვილი და კლანის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან. ვანო ზარდიაშვილის კავშირებზე საუბრობდა ასევე ყოფილი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ეკა ბესელია. მისი განცხადებით, ზარდიაშვილი ლობირებდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რამაც კლანის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
ტელეკომპანია პირველისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერები გავრცელებული დოკუმენტური მასალებიდან გახდა ხელმისაწვდომი, რომელიც სავარაუდოდ ფარული თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით არის შექმნილი. სუს-ის თვალთვალის სამიზნე იყვნენ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველი პარტიის დეპუტატები, საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ბიზნესმენები, სასულიერო პირები, საქართველოში აკრედიტებული რამდენიმე საელჩოს თანამშრომლები, ჟურნალისტები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რამდენიმე ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა ფარულ ჩანაწერებში არსებული მიმოწერის/კომუნიკაციის ავთენტურობა დაადასტურა.
მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამის პასუხისმგებელ პირთა მიმართ", - წერია განცხადებაში.