ერთი წლის წინ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ახლა საბჭოთა კავშირი ვართ?! Deep State ვართ?! - გერმანიის ელჩი "ოცნებას"
"თითქმის ერთი წლის წინ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ახლა საბჭოთა კავშირი ვართ?! "დიფ სთეითი" ვართ?!" - ასე პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს.
დიპლომატი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავს არც გლობალური ომის პარტიად მიიჩნევს და არც "დიფ სთეითად".
"39 წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობაში ვიყავი და "დიფ სთეითი" არ მინახავს" - აცხადებს ფიშერი, რომელიც ასევე ყურადღებას საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანასთან ურთიერთობა გაუარესდა.
ვცდილობთ, გადავწყვიტოთ რა ვქნათ, გვსურს იქ დაბრუნება, სადაც აქამდე ვიყავით. არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა. ამის მიუხედავად უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი, მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ", - ამბობს პეტერ ფიშერი.
პეტერ ფიშერი bm.ge-სთან ინტერვიუში "ქართული ოცნების" მთავრობასთან შეწყვეტილ ურთიერთობებზეც საუბრობს. დიპლომატი იუწყება, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს არ მართავენ.
ევროკავშირს აქვს ინსტრუქცია საკუთარი ინსტიტუტებისთვის და წევრი ქვეყნებისთვის რომ არ გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან, მანამდე სანამ არ მოგვარდება მიმდინარე კრიზისი. გერმანია და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიჰყვება ამ მოწოდებას. ბოლოს მაღალი დონის შეხვედრა გვქონდა მაშინ, როცა პრემიერი იყო ბერლინში, ეს ხდებოდა არჩევნებამდე. ასევე დავამატებ სანქციებთან დაკავშირებით, 13 პირს დავუწესეთ სანქციები. ისინი ჩვენი შეფასებით, პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ", - აცხადებს ელჩი.