"ჩვენ არ გვაქვს უკან დახევის უფლება!" - ნიკა მელიამ გლდანში ელენე ხოშტარია წარადგინა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გლდანში მოსახლეობას ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი კანდიდატი, ელენე ხოშტარია, წარუდგინა. ნიკა მელიამ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა, რა დროსაც 2020 წლის არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ მაშინაც მოსახლეობამ სიმართლით გაიმარჯვა.
გლდანში შარშან თქვენ ყველა დაგიპირისპირდათ, ბიძინა ივანიშვილიც კი მოიყვანეს გლდანში არჩევნებამდე 2 დღით ადრე, არ დარჩა ვითომ კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც საარჩევნო პროცესებში არ ჩაერთო, არ დარჩა შეიარაღებული ადამიანი, რომელმაც იარაღი არ გამოიტანა ,,ოცნების" სახელით და მშვიდობიან პატრიოტებს იარაღი არ დაუმიზნა, მაგრამ პასუხი იყო ის, რა შედეგიც დადგა გლდანში, იმიტომ რომ მართლები ვიყავით, თქვენ მოიგეთ. თქვენ შარშან მოუგეთ ბიძინა ივანიშვილს, კალაძესაც, კობიაშვილსაც, ღარიბაშვილსაც, კობახიძეს და ყველას და წელს ეს მათი მარცხი კიდევ უფრო მძიმე იქნება.
ჩვენ არ გვაქვს უკან დახევის უფლება, ყველა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს და განსაკუთრებით ეს გამარჯვება ძვირფასი იქნება გლდანში, იმიტომ რომ გლდანი იქცა ბრძოლის სიმბოლოდ. განსაკუთრებით მაშინ ვარ დარწმუნებული, რომ გლდანის რაიონი იქნება გამარჯვებული, ვიცი რა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი ადამიანი, მებრძოლი ადამიანი, პატრიოტული სულისკვეთების განსახიერება, ელენე ხოშტარია, - განაცხადა მელიამ.