რატომ არ მოითხოვა "ოცნებამ" სააკაშვილის ექსტრადირება - ადვოკატის განმარტება
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე, ამბობს, რომ არც ერთი მყარი სამართლებრივი მტკიცებულება საგამოძიებო უწყებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არ აქვს და საქმეები პოლიტიკური ნიშნით არის დაწყებული. კახიძე ხაზს უსვამს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით არც აშშ-ს და არც ევროპას არ მიმართა, გამონაკლისი იყო მხოლოდ უკრაინა, რომლისგანაც უარი მიიღო.
იყო უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნები, რომელიც იგზავნებოდა, ორი მოთხოვნა იქნა გაგზავნილი. ორივეზე ითქვა უარი პოლიტიკური მოტივაციის გამო, ჩვენთან ეს საქმეები მტკიცებულებებს არ ეფუძნება, არის შეთითხნილი. "ქართულ ოცნებას" დასავლეთ ევროპის და აშშ-ს მართლმსაჯულებისთვის არ მოუთხოვია სააკაშვილის ექსტრადირება.
შეიძლება, ამას ჰქონოდა ორი მოტივაცია, შეიძლება, არ სურდათ, რომ თავი მოეჭრათ კიდევ ერთხელ მორიგი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე, როგორც ეს მოხდა საფრანგეთში და ლონდონში და მეორე ვარიანტია, რომ არ სურთ, რომ აქ ჰყავდეთ პატიმარი სააკაშვილი, რომელია აქედან, ძალიან რთულია ამის თქმა", - ამბობს ოთო კახიძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება 2 ოქტომბერს დაანონსა და სოციალურ ქსელში ბილეთის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. სააკაშვილის თქმით, ის საქართველოში 2 ოქტომბერს 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან, ერთად ჩამოვა.