"წინააღმდეგობის პლატფორმა": ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები
"რეჟიმი ცდილობს საკუთარი მომხრეების დარწმუნებას, რომ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით საბოტაჟში იყო ჩართული" - ასე ეხმიანება "წინააღმდეგობის პლატფორმა" არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელთა სახლებში ჩატარებულ მრავალსაათიან ჩხრეკას.
განცხადების თანახმად, "წინააღმდეგობის პლატფორმა" იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ამ უკანონო რეიდების დაგეგმვასა და აღსრულებაში მიიღეს მონაწილეობა.
"დღეს რეჟიმის სამართალდამცველები პროპაგანდისტული ამოცანებისთვის ხუთი სხვადასხვა მოქალაქის სახლში შევარდნენ, რომელთა ნაწილიც იმ სამოქალაქო ფონდებთან არის კავშირში, რომლებიც მოქალაქეებს დრაკონულ ჯარიმებთან, სისხლის სამართლებრივ დევნასთან და რეჟიმის სხვა რეპრესიულ ზომებთან გამკლავებაში ეხმარებიან.
ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებთ მათ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ "ქართული ოცნების" მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია - ისინი ვეღარ მართავენ, მათ მხოლოდ მოქალაქეების დევნა შეუძლიათ.
ამით რეჟიმი ცდილობს საკუთარი მომხრეების დარწმუნებას, რომ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საქმიანობაში იყო ჩართული, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში კი არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პროპაგანდისტული ამოცანებისთვის თარგეტირებულ მოქალაქეებს, მათ სიმართლეს და სამართლიანობას.
"წინააღმდეგობის პლატფორმა" იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ამ უკანონო რეიდების დაგეგმვასა და აღსრულებაში მიიღეს მონაწილეობა. პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები," - წერია განცხადებაში.
დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.
- ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ.