ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს: შანსი გაქვთ გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების - საზოგადოება გიყურებთ, გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას
შანსი გაქვთ გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების - საზოგადოება გიყურებთ, გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას და გაიმეტებთ თუ არა ახალგაზრდებს პოლიტიკური დასჯისთვის - ამ სიტყვებით ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.
- ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
შესავალ სიტყვაში, თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ საბჭოთა კავშირშიც კი "საბჭოთა მანქანაც კი ერიდებოდა ვინმესთვის ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დაებრალებინა, რადგან ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მიუთითებდა".
„რისთვისაც ასამართლებს სასამართლო ამ ადამიანებს, არის ის, რომ ისინი იმ ღირებულებებს იცავენ, რასაც თქვენ, პროკურატურა და მოსამართლე უნდა იცავდეთ.
ანდრო იქ იდგა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის, თქვენთვისაც ქალბატონო მოსამართლე და სამშობლოსთვის.
ანდრო ჭიჭინაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა... სამართალდამცავები იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და წყლით სავსე ბოთლებს ისროდნენ, რაც ანდროს ფეხის არეში, წვივთან მოხვდა. ეს არის ერთ-ერთი შედეგი სამართალდამცავების მხირდან განხორციელებული წამების. წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც კანონის დაცვით მოქმედი პოლიციელები დედის მისამართით იგინებოდნენ, სასტიკად სცემდნენ და არბევდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ვინც კანონს უნდა იცავდეს, ის იგინება იმ კადრებში, რაც თავად ბრალდებას აქვს წარმოდგენილი და ამას ვერ გაექცევა. ვინც ამ დროს აგრესიული და მოძალადეები იყვნენ, თავად პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ქალბატონო მოსამართლე, ეს კადრები აუცილებლად გექნებათ ნანახი. რა ხდება დღეს? პროკურატურა თავად დებს ანდრო ჭიჭინაძეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. საბჭოთა კავშირის ბინძურ სისტემაშიც კი, საბჭოთა მანქანაც კი ერიდებოდა ვინმესთვის ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დაებრალებინა, რადგან ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მიუთითებდა.
სხვისი ცოდვის გამართლება უფრო უარესია, ვიდრე თავად შესცოდო, დაცვის მხარემ სასამართლოს არაერთხელ მივეცით საშუალება სასამართლოს მართლმსაჯულება გადაერჩინა, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოახერხა. თქვენ, ქალბატონო მოსამართლე გაქვთ შანსი, გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების. ეს არის საქმე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გაზომოს ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. საზოგადოება გიყურებთ გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას და გაიმეტებთ თუ არა უდანაშაულო, პატრიოტს ახალგაზრდებს პოლიტიკური დასჯისთვის. ეს არის მოსამართლის ტვირთიც და ვალდებულებაც, დაიცვას არამხოლოდ ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომლის დაცვაც კონსტიტუციამ დაგავალათ, არამედ ამასთან ერთად, დაიცვას სამართლიანობაც“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.
ამ წუთებში სასამართლოში დაკავებულების ადვოკატების შესავალ სიტყვებს უსმენენ. სხდომის დაწყებისას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მე-8 დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსლან სივაკოვი უარს აცხადებდა გამოცხადებაზე.
სიტყვით ისარგებლა გურამ მირცხულავას ადვოკატმაც. უფლებადამცველი "ოცნების" მაღალჩნოსნების მიერ სინდისის პატიმრების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ წიანსარი ვერდიქტის გამოცხადებით ისინი უდანაშაულობის პრეზუმციია არღვევენ. ეს გარემოებები ადვოკატს კიდევ უფრო მეტად აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან.
სანამ თქვენ ამ საქმეს იხილავთ არსებითად, სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ სხვა მხრივ დაინტერესებული პირები, რეალურ დროში თავის სატელევიზიო განცხადებაში ეწევიან ბრალდებულების დისკრედიტაციას და მათ შორის არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას. ზუსტად ეს და არა მხოლოდ ეს სხვა გარემოებებთან ერთად, მაძლევს იმის თქმის საფუძველს და სითამამეს, რომ ჩვენი ბიჭები არიან პოლიტიკური პატიმრები და ჩვენი ეს პოზიცია სრულად გასდევს ყველა იმ სხვა დანარჩენ პოზიციას, რომელიც მე როგორც მათი უფლებადამცველი გავაჟღერებ ან გააჟღერებენ თვითონ", - თქვა გური მირცხულავას ადვოკატმა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.