ყოველთვის თქვენს ხელში არ იქნება სასამართლო! მოგეკითხებათ - რეზო კიკნაძე რეჟიმს
ყოველთვის თქვენს ხელში არ იქნება სასამართლო და მოგეკითხებათ - ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომიდან ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს.
კიკნაძემ დღეს თქვა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია, როცა "ოცნების" მაღალჩინოსნები "დაქირავებულებს და შეცდომაში შეყვანილებს" უწოდებს რეჟიმის ტყვეებს.
ვინც ამას ამბობს, მოვითხოვ, მტკიცებულებებიც მოაყოლოს. ასეთი ყბედობა და ჭორაობა ტყუილად არ ჩაივლის, იმიტომ რომ ცილისწამებაც დანაშაულია - ამბობს რეჟიმის პატიმარი.
უკვე 5 თვეა ჩემი ტელეფონი გაქვთ და სავარაუდოდ, ყველაფერი გადაქექილი გექნებათ. გამოიძიებდით, ფბ-ზე ვისთვის რა მიმიწერია ოდესმე. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეძებოთ, ვერანაირ კავშირს ვერ იპოვით იმ 50 პატრიოტ ადამიანთან, ვისთან ერთადაც დაგვიჭირეს. ჩემდა სამწუხაროდ, არათუ მათ არ ვიცნობდი, არამედ გაგებულიც არ მქონდა მათზე. ანდრო ჭიჭინაძეზეც კი არ მქონდა გაგებული. რომ წავიკითხე, ვიფიქრე ვიღაც ანდრო დავიჭირე ჭიჭინაძის ქუჩაზეთქო. ხშირად მესმის ვაი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ესენი ვიღაცებმა დაიქირავეს, დააფინანსეს და შეცდომაში შეიყვანესო. ვინც ამას ამბობს, რომ აქედან მოვითხოვ, მტკიცებულებებიც მოაყოლოს. ასეთი ყბედობა და ჭორაობა ტყუილად არ ჩაივლის, იმიტომ რომ ცილისწამებაც დანაშაულია და ყოველთვის მთავრობის ხელში არ იქნება სასამართლო უწყება და აუცილებლად მოგეკითხებათ ყველას. როდესაც მაბრალებენ რომ ვიღაცამ დამიქირავა იმისთვის, რომ იქ ვდგარიყავი სადაც ყველა უნდა იდგეს, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩემთვის", - ამბობს რეზო კიკნაძე.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.