,,საია"-მ პროკურატურას 5 ივლისს დაზარალებული 9 ჟურნალისტის სახელით მიმართა

29.09.21 15:17
,,საია"-მ პროკურატურას 5 ივლისს დაზარალებული 9 ჟურნალისტის სახელით მიმართა

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საია-მ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას 9 დაზარალებული ჟურნალისტის სახელით განცხადებით მიმართა.  ,,საია" ამ დრომდეც მოუწოდებდა შოთაძის უწყებას, შეეფასებინა, ძალადობრივი განვითარების თავიდან აღსაკვეთად რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება.

როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები, ასევე, დაზარალებულების  ახსნა-განმარტებები მიანიშნებს, კონტრაქციის მონაწილეთა წინასწარ დაანონსებული მობილიზაციის მასშტაბების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო ზომების მიღება. კერძოდ, პრობლემური იყო შსს-ს მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რაც გულისხმობდა მომხდარი ძალადობის პრევენციასა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დროულ აღკვეთას. აშკარაა, რომ სამინისტროს საქმიანობა არ იყო დაგეგმილი იმგვარად, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი აქციის მონაწილეთა თუ მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა მათი ჯანმრთელობის დაზიანება და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა. დაზარალებულთა თქმით, ადგილზე მყოფი პოლიციელები ცალკეულ შემთხვევებში იმდენად უმოქმედოდ იყვნენ, რომ ამით პრაქტიკულად ხელს უწყობდნენ მოძალადეებს განზრახვის სისრულეში მოყვანას.

წარდგენილი განცხადებით, ,,საია" მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებთან მიმართებით. კერძოდ, გამოძიება წარიმართოს როგორც შსს-ს ხელმძღვანელი პირების, ისე ცალკეული სამართალდამცავების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიმართულებით.- ნათქვამია ,,საიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები