"კლანისთვის მისაღები კადრია" - იურისტები არჩილ კოჭლამაზაშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნაზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატურობიდან უზენაესი სასამართლოს მოსამერთლეობამდე - იურისტები პოსტზე არჩილ კოჭლამაზაშვილის დანიშვნას შეუეფერებლად მიიჩნევენ. "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უზენაესი მოსამართლეობისთვის კოჭლამაზაშვილს არც კომპეტენცია და არც კვალიფიკაცია გააჩნია.
ის, თავდაპირველად, იყო იუსტიციის საბჭოს მანდატური, მერე უკვე დანიშნეს სხვა პოზიციაზე ამავე სტრუქტურაში და მერე ძალიან მარტივად გახდა მოსამართლე. მისი ცოდნა, იმ მოვალეობებს, რაც აქამდე ჰქონდა, ჯერ იქ არ შეესაბამებოდა და მითუმეტეს, უზენაეს სასამართლოში, სადაც საჭიროა ძალიან მაღალი კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია და ამ პერსონასთან მიმართებაში, მე მგონია, რომ ორივე პრობლემა დგას. აკეთებენ არჩევანს აბსოლუტურად ყველაზე ნაკლებად გამოცდილ, ყველაზე ნაკლებად დარგის მცოდნე, ყველაზე ნაკლებად რეპუტაციულ ადამიანებზე. ეს არის მათი მხრიდან ერთგვარი დემონსტრაცია მათი გავლენების, მათი ძალაუფლების, მათი ინტერესების, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
იურისტები ეჭვობენ, რომ კოჭლამაზაშვილს რეჟიმი შრომას უფასებს და მისი დაწინაურებით სასამართლოში გავლენებს კიდევ უფრო იძლიერებს.
ადამიანები მუშაობენ წლების განმავლობაში სასამართლოს აპარატში. მათ აკვირდებიან, სწავლობენ მათ ქცევებს, რამდენად ისინი ემორჩილებიან მათ უფროსებს და ამ შემთხვევაში, უფროსი არის მათი კლანი და შემდგომ, ეს ადამიანები ხდებიან მოსამართლეები. კლანი აკვირდება მათ საქმიანობას და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსამართლეების საქმიანობა ე.წ. დიდი ფულის პალატაში, სადაც არის თავმოყრილი მსხვილი, კორუფციული ინტერესები ამ პალატაში. თუ მოსამართლე ემორჩილება კლანის პოლიტიკას და ის დიდი ფულის პალატაში „წარმატებულად“ ართმევს თავს ამ საქმეებს, ამ შემთხვევაში, ის უკვე არის კლანისთვის მისაღები კადრი და გადაჰყავთ უზენაეს სასამართლოში ან აპელაციის გავლით ან აპელაციის გავლის გარეშე, - ამბობს კახა წიქარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.