"არ მისმენთ... რას ქვია არ გისმენთ! ამაზე შენიშვნას გაძლევთ" - მორიგი დაპირისპირება რეჟიმის ტყვეების სასამართლოზე

02.05.25 13:48
"არ მისმენთ... რას ქვია არ გისმენთ! ამაზე შენიშვნას გაძლევთ" - მორიგი დაპირისპირება რეჟიმის ტყვეების სასამართლოზე

 

 

მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება რეჟიმის ტყვეების სასამართლოზე - ამჯერად სანქცირებული მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ვეფხია კასრაძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის სიტყვამ გაანაწყენა და უფლებადამცველს შენიშვნა მისცა.

  • საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც  დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობენ.

ადვოკატი: ვეფხია კასრაძე ხო იყო ვთქვათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი, ამ ჯგუფის მონაწილეები ვინ არიან, ამ კითხვაზე პასუხი არ არის. ასეთი ტიპის საქმეებზე არის შექმნილი ძალიან უსამართლო ტიპის დამოკიდებულება. ამ უსამართლო დამოკიდებულებაში შექმნილია, როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო, ამას პირდაპირ ვიტყვი. 

მოსამართლე: შენიშვნას გაძლევთ - ისაუბრეთ მხოლოდ აღკვეთის ღონისიძებებთან დაკავშირებით.

ადვოკატი: მემგონი მე თქვენ არ მისმენთ...

მოსამართლე: რას ქვია არ გისმენთ, ამაზეც შენიშვნას გაძლევთ? შემდეგ შენიშვნაზე აუცილებლად მივიღებ ზომებს უკვე 85-ე მუხლით. მოსამართლეს უებნებით, რომ არ გისმენთ და გისმენთ, რა თქმა, უნდა. 

ადვოკატი: სხვა რამეს ვამბობ და არ ცდილობთ, რომ აზრი დავასრულო. როდესაც ეს ვიდეო გავრცელდა, ვეფხია კასრაძე გაუჩნდა აზრი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე-მეთქი, რომ შესაძლებელია, რომ ამ ვიდეოს გავრცელებას, მისი დაკავება მოჰყოლოდა-მეთქი. ამის თქმის უფლება მაქვს?

მოსამართლე: რა თქმა უნდა!

ადვოკატი: ეგ ვთქვი მე წეღან და და მაგიტომ გითხარით, არ მისმენთ-მეთქი, რომ ეს რომ ვთქვი, თქვენ სხვა რამე გაიგეთ. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები