"არავინ დასჯილი ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულებზე... არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საერთაშორისო რეიტინგები უარესდება" - ქურდოვანიძე

02.05.25 13:59
"არავინ დასჯილი ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულებზე... არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საერთაშორისო რეიტინგები უარესდება" - ქურდოვანიძე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე საქართველოს მედიის საერთაშორისო რეიტინგში ჩამოქვეითებას ეხმაურება. მისი თქმით, რეიტინგში უკუსვლის მთავარი მიზეზია ის, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე არ დასჯილან.

ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ თუ ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ტენდენცია გაგრძელდა ეს რეიტინგები გაუარესდება.

ამ დრომდე არცერთი პირი არ არის დასჯილი ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულებზე. მათ შორის იგულისხმება ბოლო დროს, აქციებზე ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები. დაახლოებით 100-მდე ჟურნალისტი დაზიანდა სხვადასხვა ფორმით. ზოგს დაუმტვრიეს კამერა, ზოგს სხვა ტიპის ზიანი მიადგა, ზოგს ფიზიკური ზიანი მიადგა. თუმცა ასეთ საქმეებზე ამ დროისთვის არავინ არ არის დასჯილი. ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის გარემოს აფასებენ უარესდება და თუ ეს ასე გაგრძელდება ტენდენციები, რომელიც აშკარად სახეზეა, მაშინ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს რეიტინგები გაუმჯობესდება", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

საქართველო მედიის საერთაშორისო რეიტინგებში ერთ წელში 11 პოზიციით ჩამოქვეითდა. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ახალ ინდექსს აქვეყენებს.

ირკვევა, რომ საქართველომ 103-დან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა. ჟურნალისტების ქუჩა-ქუჩა დევნის, დასისხლიანების, ფიზიკური ანგარიშსწორების, დაუსჯელი ძალადობის და რეპრესიული კანონების  გამო, საქართველო ფაქტობრივად იმ ქვეყნების სიაშია, სადაც თავისუფალ მედიას რეჟიმები სხვადასხვა ბერკეტებით ახრჩობენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.

მსგავსი სიახლეები